პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მმართველ პარტიაში დისკუსია მიმდინარეობს
,,გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ,,ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე" – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა მმართველი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს – უარს იტყვის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღებს მონაწილეობას.

"ქართულ ოცნებაში“ არის ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც ბევრი პრობლემის გარეშე ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს ნებისმიერ არჩევნებზე.

ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რაში გამოიხატება ჩვენი მიდგომა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მივიღებთ გადაწყვეტილებას.

გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსიაც და მე თვითონაც არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით - "ქართული ოცნების" ფილოსოფია არის საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა.

აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები: ის, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შესაძლოა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა ამასთან მეორე მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე",
- განაცხადა ბახტაძემ.
Print