პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი მუშაობას 22 აგვისტოდან, ოფიციალურად შეუდგა.

ახალდანიშნული გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარუდგინა.

ახლლდანიშნული მხარის რწმუნებულის განმარტებით მთავარი გამოწვევა რეგიონიში ეკონომიკური პრობლემებია. ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, პრემიერმა მას ხალხთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა.

ახალციხეში ფიქრობენ, რომ ახალი გუბერნატორი სამცხე–ჯავახეთში ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნას ძალოვანი სტრუქტურის გაძლიერებას უწოდებს.

ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, რომ კანონით გუბერნატორებს შეზღუდული უფლებამოსილება გააჩნიათ, რის გამოც მისი აზრით, ძალოვანი სტრუქტურიდან ახალი გუბერნატორის დანიშვნა მხოლოდ არჩევნების გაყალბებას ემსახურება.

სამცხე–ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნამდე გუბერნატორის პოსტზე აპრილში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. მაშინდელმა რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ თანამდებობები გაცვალეს.

ევროპულ საქართველოში გაურკვეველია რა ნიშნით შეცვალეს ან გაათავისუფლეს ყოფილი გუბერნატორი. გელა დემეტრაძე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ახსნაც არავის უცდია.

გუბერნატორის შეზღუდულ ფუნქციებზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ ამბობენ, რომ გუბერნატორების მიერ მომზადებული რეგიონთაშორისი პროექტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. შესაბამისად, გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ საბჭოების შექმნის იდეამ ვერ გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2016–2017 წლებში კი შს მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.


Print