პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე მარიხუანას წარმოებაზე: ,,აუცლებელია, რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება"
მთავრობას გათვითცნობიერებული აქვს ყველა რისკი და ამიტომ გადაწყვიტა მარიხუანას კულტივაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, 

„ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები.

რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე აუცლებელია, რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება.

რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას პრობლემას“, - განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
Print