პოლიტიკა
ბორჯომში, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა
ბორჯომში, საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს“ ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გამოცდილების გაზიარება იყო. განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს-ურთიერთობების პერსპექტივები, საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზის პროექტში და ძიანგსის პროვინციის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვლმა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტმა ჟენ კუოძინმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა მიხეილ ხადურელმა და სხვა დელეგატებმა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ქვეყნის ენერგეტიკის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები. ჩინური მხრიდან, კონფერენციზე წარმოდგენილნი იყვნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობა და ათობით ბიზნეს-კომპანია. აგრეთვე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.

დღესვე, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Print