პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს.


სტეფანე თუმანიშვილისთვის უცნობია, ამჯერად რას უკავშირდება მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა. ,,ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დეტალების დასაზუსტებლად ადვოკატი კლინიკაში ამ წუთებში მიემართება.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.

ადვოკატი ეჭვობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს მალავს ან გარკვეულ ფალსიფიცირებას აქვს ადგილი. ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს "მედიქლაბ ჯორჯიასთან" განუცხადა, სადაც მერაბიშვილია გადაყვანილი.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, თუ რატომ გადაიყვანეს მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში. 

"ეს უკვე მეხუთე გაყვანაა მერაბიშვილის სამოქალაქო კლინიკაში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აგვიღია წინა კვლევები, რომელიც მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ეს დასკვნები და სამედიცინო ანგარიშები მივაწოდოთ უცხოელ ექიმებს, რათა გავიაროთ მათთან კონსულტაცია. დღემდე არაა დასმული დიაგნოზი. ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მას დიაგნოზი დაუსვას და სწორი, ადეკვატური მკურნალობა ჩაუტაროს. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ, აქვს ფალსიფიცირების მცდელობას ადგილი, რადგან ჩვენთვის მიუწვდომელია „ავერსის“ კლინიკაში ჩატარებული კვლევების პასუხები იმ ფონზე, როცა იუსტიციის მინისტრი გვესაუბრება დარწმუნებით, რომ მას არაფერი სჭირს. ანუ რა გამოდის? იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ჩვენ არაფერი ვიცით - არც ოჯახმა და არც ადვოკატებმა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ადვოკატი კიდევ ერთხელ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, რომ ვანო მერაბიშვილი ისეთ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც უცხოელ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა მას კვლევები ჩაუტარონ, რათა შს ყოფილ მინისტრს დიაგნოზი დაუდგინდეს და სწორი მკურნალობა დაენიშნოს.

Print