პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის ხმაურიანი ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ორდღიანი საარჩევნო კამპანია სამცხე–ჯავახეთში 3 ოქტომბერს, ბორჯომში ვიზიტით დაასრულა.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი რეგიონში დანარჩენი კანდიდატებისგან განსხვავდებოდა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრებს პოლიცია იცავდა, ხოლო დამსწრეთა შორის საჯარო სამსახურის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ახალციხეში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დაკარგული მოქალაქეობა, ჯავახეთის მკვიდრებმა მარტივად უნდა აღიდგინონ.

,,წინა პრეზიდენტი, სახელს არ ვახსნებ და მე მას უხსენებელს ვეძახი, ანიჭებდა თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში და არაფერი აკავშირებდა საქართველოსთან, ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს გაურკვეველი მიზეზით მათთვის მოქალაქეობის აღდგენაზე. ახლა პარლამენტში მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და ახალი კანონი, რომ ყველა ვინც იყო საქართველოს მოქალაქე და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, დღევანდელი დღიდან მას შეუძლია შეიტანოს განაცხადი და მოითხოვოს სტატუსის აღდგენა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ელემენტარული ქართული და საქართველოს ისტორია" – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანამ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის შესწავლა უნდა უზრუნველყოს. სამცხე–ჯავახეთში ვიზიტისას, ზურაბიშვილს უმრავლესობის დეპუტატები გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვოლსკი, ასევე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ახლდნენ. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.



"რუსულ ძალას გვერდში ვერ დავუდგებით" – ამ შეძახილებით დახვდნენ მხარდამჭერებთან შეხვედრიდან გამოსულ სალომე ზურაბიშვილს ახალციხეში.

,,პრორუსულ ძალას ვერასდროს დავუდგები გვერდში. ეს არჩილ ტატუნაშვილის დედულეთია, რომელიც აწამეს, ყველანაირად აწამეს და ვერ გატეხეს. იმის შემდეგ რაც თქვა, რომ ჩვენ დავბომბეთ და ავაწიოკეთ მძინარე ქალაქი, მოდის მის დედულეთში და ხმების აღება უნდა. ამ მოსახლეობის 20% ან მისცემს ხმას და ან არა. მერე რა, რომ დარბაზში ძალით შეიყვანეს თანამშრომლები და ნახევარი ორგანიზაციები პარალიზებულია“ – განაცხადა ირაკლი ბარძიმაძემ.

საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ,,მე არ მინახავს პროტესტი არსად, არ მომისმენია, თუ არის სადმე, მაჩვენეთ. აქ იყო ძალიან მშვიდი... პირიქით ცოტა მშვიდი იყო დარბაზი ჩემი გაგებით“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს შეახსენეს, რომ რუსეთ–საქართველოს ომის დაწყების ინიციატორად, მან საქართველო დაასახელა და ახლა გვერდში დგომას არ უნდა ელოდოს. ირაკლი ბარძიმაძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაახსენეს. სალომე ზურაბიშვილის სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი, ახალქალაქშიც გააპროტესტეს.

,,მოღალატე... მოღალატე... ვერ გახდება პრეზიდენტი ზურაბიშვილი სალომე, დასრულდა.. ვაპროტესტებთ ზურაბიშვილის პრეზიდენტობას, როგორც კანდიდატს, არ მივცემთ უფლებას, რომ გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. მე ვარ ანწუხელიძის საქართველო, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. დასრულდა ამათი ბოგინი. ამათ საქართველო არ ტკივათ“.

,,საქართველომ ომი დაიწყოო და დაადანაშაულა... ქართული მაგან არ იცის.. ატყუებს ხალხი, ვითომ ჯარი გაიყვანა, ეს გააკეთია, ის გააკეთა.. არაფერი არ გაუკეთებია მაგას სასიკეთო საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია. მოყარეს თავისი მტელი ადმინისტრაციული რესურსი“.

"არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცე საქართველოს მოქალაქეობა და შენს მოქალაქეს არ აძლევდე საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას"– ამ სიტყვებით გამოეხმაურა გია ვოლსკი ოპონენტების განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა თურქოფობიული განცხადება გააკეთა.

,,ითქვა, რომ არ შეიძლება, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ერის, მისცე მოქალაქეობა და შენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ლოიალურები ქვეყნის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, ეროვნებას არც აქ აქვს მნიშვნელობა, გყავდეს ისე, რომ არ აძლევდე მოქალაქეობის და თავის საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას. უკვე მარგველაშვილს ეკუთვნის ეს შენიშვნა. მე ვფიქრობ, ასე უნდა გავაანალიზოთ, ასე უნდა შევხედოთ, ამ სიტუაციას, თუკი ამ ქვეყნისთვის სიკეთე გინდა“.

კონკურენტებისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის გზავნილები კონკრეტულად სამცხე–ჯავახეთისთვის იყო განკუთვნილი. სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქსა და ახალციხეში, ადგილობრივებთან ერთად შარლ–აზნაურის ხსოვნას პატივი მიაგო. 

,,ჩვენ ხშირად გვგონია, რომ რეგიონების განვითარება ეკონომიკაზეა დამოკიდებული, სინამდვილეში კი პირიქითაა, - იქ, სადაც ეკონომიკა უნდა განვითარდეს, გვჭირდება ძლიერი საზოგადოება, ამისათვის კი საჭიროა კულტურის განვითარება" – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალციხის ციხეზე, შარლ აზნავურის ვარსკვლავთან.



სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ბორჯომში გამართული შეხვედრით დაასრულა.
Print