პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბიდან“ სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში დააბრუნეს.

3 ოქტომბერს საღამოს, კლინიკაში ჩატარდა კონსილიუმი, რომელშიც ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული ექიმებიც მონაწილეობდნენ.

კონსილიუმმა დაადგინა, რომ მერაბიშვილს მართლაც აღენიშნება ჰორნერის სინდრომი, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კონსილიუმმა პენიტენციურ სამსახურს მისცა დამატებითი კვლევის, კერძოდ საძილე არტერიის ულტრასონოგრაფიის რეკომენდაცია.

თამაზ კერძევაძე, რომელმაც „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმთა კონსილიუმში მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით მიიღო მონაწილეობა, ფიქრობს, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ქრონიკული სინუსიტი აქვს და ის ღია სივრცეში ყოფნას საჭიროებს.

"ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ, ძალიან იშვიათ პათოლოგიასთან - ეს არის სინდრომი, რომელიც ექიმმა შეიძლება მისი პრაქტიკის დროს ვერ ნახოს. ვფიქრობ, პაციენტი სრულყოფილად არის გამოკვლეული, ვერც ერთი ექიმის მხრიდან რამე ბოროტულ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ, უბრალოდ ექიმები საბოლოოდ ვერ შევჯერდით ერთ ვერსიაზე.

მე მივეკუთვნები მცირე ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ პაციენტს სჭირს ქრონიკული სინუსიტი. მეორე მხარე ფიქრობს, რომ იდეოპათიური ჰორნერის სინდრომია. თუ ჩემი დიაგნოზი სწორია, სანამ პაციენტი არის დახურულ სივრცეში, ის ამ სინდრომიდან არ განიკურნება, გართულება კი ძალიან მძიმე იქნება. პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში. უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე..."
, - აღნიშნა ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ.
Print