პოლიტიკა
სომხეთში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, ათასობით ადამიანმა, ერევანში, პარლამენტის შენობის ბლოკირება განახორციელა.

ფაშინიანის მხარდამჭერები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკება გამართა, რომელიც ორ საათზე მეტი გრძელდებოდა. შენობაში შესვლამდე ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეეცდებოდა მიეღწია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის. ამ დროისთვის უცნობია, როგორ დასრულდა მოლაპარაკება.

პროტესტის მიზეზი 2 ოქტომბერს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა, რომელიც პარლამენტის წევრებს საშუალებას აძლევს პარლამენტის დათხოვნა დაბლოკონ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი გადადგება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე ფაშინიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც პარტიების - „წარმატებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტუნის“ მინისტრებისა და გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალიწინებს.

ათასობით ადამიანის წინაშე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული განკარგულების ძალაში შესვლისთანავე გადადგება და პრემიერ-მინისტრის არჩევამდე, მისი მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

„არავინ იფიქროს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვებღაუჭები. 7+1 დღეში პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. თუ ამ ვადაში პრემიერი არჩეული არ იქნება, მაშინ 7+1 დღეში კიდევ ერთი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ხოლო თუ ამის შემდეგაც ვერ აირჩევენ პრემიერ-მინისტრს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს“, - განაცხადა აქციაზე ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში უნდა ჩატარდეს.

წყარო: რეგინფო
Print