პოლიტიკა
პარლამენტში მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა 2 თვეში განახლდება
"კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის ორი თვით გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, წამყვანი კომიტეტის - ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის.

ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიწია იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ, რომლის მიხედვით, კანაფი/მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნული პროექტი პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.

თუ 2 თვის შემდეგ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია შეიცვლება, ცალკე განხილვის საგანი შესაძლოა გახდეს, თუ რა ტიპის დათმობებზე წავიდნენ მხარეები, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა. 

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადავადება სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ ეს არის იმ მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც ხელისუფლებას და კანონპროექტის ინიციატორებს საპატრიარქოსთან ჰქონდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა საკითხის კომენტირებისას განუცახდა.

როგორც ვერძეულმა აღნიშნა, გადავადება მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნების წინ არ აქვს ხელისუფლებას სურვილი, რომ საპატრიარქოსთან დამატებით გაამწვავოს სიტუაცია ან დებატებში შევიდეს.

კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ორი თვით გადადებას აფასებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

„ტანკივით მიაწვებიან საზოგადოებას, თორემ დეპუტატებს ტანკი რად უნდათ, ბიძინა ივანიშვილისგან თითის დატკაცუნებაც ყოფნით. როცა დიდ ფულზეა საუბარი, პარტიებს, ეკლესიას, სამოქალაქო სექტორს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილს არად აგდებენ. არჩევნებიც ფეხებზე დაიკიდეს, ისე სწრაფად უნდოდათ ამ კანონპროექტის პარლამენტში გათრევა და მოსალოდნელ ზიანზეც თვალები დახუჭეს. თავიდან ხალხი მოატყუეს: კანონი უკან გავიტანეთო. მერე შეაპარეს: იდეა შევაჩერეთო, ახლა დაადგინეს, რომ განხილვა მხოლოდ ორი თვით შეაჩერეს".

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას საპატრიარქო გაემიჯნა და ამ თემაზე სამსჯელო არაფერია.

„ნამდვილად ძალიან ძნელია, ვიმსჯელო, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ ცალსახად და უპირობოდ განაცხადა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ და არაფერი სასაუბრო ამ საკითხზე არ გვაქვს. როგორც ადრე განვაცხადეთ, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება კულტივაციას, ეს თემა ჩვენთვის დახურულია. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, როცა აუცილებლობა დადგება, ვიტყვით, როგორ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მამა მიქაელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას კიულტივაციის საკითხს საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიურო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print