პოლიტიკა
დეპუტატი 20 წლიანი ისტორიით
ენზელ მკოიანის ძმამ სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული მასალა გაავრცელა. მკოიანი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ

ვიდეომასალაში, ნათლად ჩანს, როგორც ესხმიან თავს ვაშაძის შტაბის წევრები მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე პირებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და აზიანებენ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

„ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა მხოლოდ ერთ ობიექტზე. ერთი და იმავე ავტომობილით მოძრავმა პირებმა ანალოგიური თავდასხმა სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც განახორციელეს. ხოლო, 30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ჩემმა მხარდამჭერებმა თავდამსხმელებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, პასუხად კვლავ მუქარა და შეურაცხყოფა მიიღეს, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – აცხადებს ენზელ მკოიანი.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ წესიერებაზე ამახვილებს ყურადღებას და მედიასთან აცხადებს, რომ ოპოზიციას შურს, რადგან მას და მის ოჯახს ხალხის მხარდაჭერა აქვს.

,,მოიგონეს, რომ ჩხუბის დროს თითქოს მე იქ ვიყავი. მე „ნაციონალების“ ოფისთან ახლოს, სადღაც 50 მეტრში ვცხოვრობ, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე იქ არ ვყოფილვარ. ვაშაძე ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, ჩემს ძმაზე ამბობს, რომ კორუმპირებულები ვართ, რომ გადავჭამეთ ნინოწმინდა – ახალქალაქი, თუმცა მეც და ჩემი ძმაც უწესიერესი ადამიანები ვართ, შევსებული გვაქვს დეკლარაციები და ყველამ იცის, რასაც წარმოვადგენთ. ვერ ინელებენ იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა გვაქვს“ – ამბობს ენზელ მკოიანია და ირწმუნება, რომ გამორიცხულია მისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა და მზად არის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, არჩევნების მეორე ტურშიც მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატოს სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

პარლამენტის დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მხრიდან მუქარის ზარზეც საუბრობს.

„გიორგი ვაშაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჯობია განცხადება დაწერო პოლიციაში, იმუნიტეტიც მოიხსნაო, თუ არადა ჩვენ რომ მოვალთ დედას გიტირებთ შენც და შენს ძმასაცო - მიშა რომ მოვაო, ჩვენ აუცილებლად მოვბრუნდებითო, მეორე ტურში გავიმარჯვებთო და მერე ვერაფერი ვერ გიშველითო საერთოდო, ორივე ძმასო. მე ამის აუდიოჩანაწერი გამაჩნია“, – აცხადებს ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან დღემდე, უწყვეტად, პარლამენტის წევრია.

Print