პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს
პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია,

- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებს ის სამოქმედო გეგმა გააცნო, რასაც მისი თქმით გამარჯვების შემდეგ მოქალაქეებს ეტაპობრივად შესთავაზებს.

„ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა. პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც ერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია და მთავრობაშია, არ იმსახურებს იქ ყოფნას. საჭიროა ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს ოპოზიციიდან მინისტრის თანამდებობაზე, რადგან ოპოზიცია არის ხელისუფლების წარმომადგენელი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატმა სასამართლო სისტემის, სამართალდამცავი უწყებების რეფორმირებაზე, ასევე პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პირების შერჩევის ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება.

„დამოუკიდებელი მართლმსაჯულებაის კუთხით რეფორმები, რომელიც მოფიქრებული და გააზრებული გვაქვს, ეს არის უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა პალატა საკონსტიტუციო სასამართლოში, იუსტიციის საბჭოს და სკოლის სასწრაფო რეფორმა. სასამართლო სისტემა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის უფლებების დამცველი. სწორედ მაშინ არ იდგება ქუჩაში ზაზა სარალძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მოვსპობთ პოლიტიკურ პოლიციას. ამ მახინჯ გადმონაშთს - კუდს, სუსს, მათ რაც არ უნდა დაარქვა, მაინც „კაგებე“ გამოდის. მოვსპობთ, რადგან როგორც კი ხელისუფლება მიდის ცდუნებაზე, ქვეყანა მართოს პოლიტიკური პოლიციის მეშვეობით, ჩნდება ამოუვსებელი ბზარი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.

გენერალური პროკურორის თანამდებობა უნდა იყოს შერჩეული სამოქალაქო საზოგადოებიდან და ოპოზიციიდან. ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელიც უნდა იყოს შერჩეული ოპოზიციიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
Print