პოლიტიკა
,,სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა" – ბიძინა ივანიშვილი
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

ივანიშვილის განცხადებით, მას ესმის საქართველოს მოქალაქეების და მათი გულისტკივილისა და იმედგაცრუების.

"მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა, უკმაყოფილო ხართ, რადგან ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების რისკი, მაგრამ ამავე დროს, ივანიშვილის თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი.


,,როცა ხელისუფლება ხალხს შორდება ის ხალხის ნდობას კარგავს. მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისტევადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უზენაეს მიზანს უნდა მივაღწიოთ - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ ქართული ოცნება ვერ მუშაობს თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა.

ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად!

ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია.

2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ:

სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა; ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონული ლიდერობა და მრავალი სხვა.

საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას. უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები.

და მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!

სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში!

ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია.

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!

მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!",
- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.

Print