პოლიტიკა
ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოქალაქეთა ინიციატივების გარეშე
ახალციხის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ორსაათიან შეხვედრაზე მერის მოადგილემ საზოგადოებას მთავარი ფინანსური დოკუმენტი წარუდგინა.

ეფექტური მმართველობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის პროგრამები, განათლება და სპორტი - ეს არის მიმართულებები, რომლებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალი წლის პრიორიტეტებად შეარჩია.
მერის მოადგილის თქმით, 2018 და მომავალი წლის ბიუჯეტებს შორის პრინციპული განსხვავებაა.

„შეიცვალა დაფინანსების წყარო. მუნიციპალიტეტები ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებით ტრანსფერს აღარ ვიღებთ, სამაგიეროდ დამატებითი ღირებულების გადასახადის 19% გადანაწილდა მუნიციპალიტეტებზე. ამის გამო ჩვენ 1 მლნ. 500 ათასზე მეტი თანხა მივიღეთ, ვიდრე შარშან ტრანსფერით“, - განაცხადა გურამ მელიქიძემ.



განხილვას საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეაფასეს.

„ბიუჯეტის პროექტში არის მხოლოდ ციფრები. მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ფინანსური განათლება, ვერ გაიგებს რა რიცხვებია. მე გამეხარდებოდა კონკრეტულად გამეგო, იგეგმება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის შეცვლა, ან კონკრეტულად რომელი ქუჩის მოპირკეთებაა გათვალისწინებული. მაინტერესებს მომავალ წელს თუ იგეგმება ვალეში დარჩენილი ტროტუარების მოწყობა. სპორტის და ახალგაზრდობის მუხლში თანხა ორ მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ვერ ვხვდებით როგორ ხდება ამ მიმართულების განვითარება. სპორტსკოლას არ ეტყობა, რომ ამ ორი მილიონიდან, თანხა მანდაც მიდის“, - განაცხადა „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძემ.



„მაქვს წინადადება, რომ კოლეჯ „ოპიზარის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოეწყოს სკვერი. ამ ტერიტორიაზე მაგიდა და სკამები დაიდგას, სადაც ბავშვები მოვლენ, ვაჩვენებთ ხეზე კვეთის და და სხვა ხელობის მაგალითებს. მაღალი კლასის მოსწავლეები ქუჩაში აღარ იდგებიან“, - ინიციატივის შესახებ კოლეჯის დირექტორმა ბელა ავალიშვილმა ისაუბრა.



საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ აზრი არ გამოუთქვათ მოქალაქეებს. წარმომადგენლობით ორგანოში ადგილობრივების წინადადებების მიღება ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა არც ერთი ინიციატივა არ შესულა.

„მოსახლეობიდან ინიციატივები სამწუხაროდ არ შემოსულა. დღესაც შეხვედრაზე მოწვევა გაგზავნილი გვქონდა, უფრო მეტ აქტივობას ველოდით, ალბათ ამინდმა შეუშალა ხელი“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ.

„თქვენ კარგად იცით, რომ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ბიუჯეტის პროექტის განხივის დროს აქ არ მოდის და არ ესწრება. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ. ჩვენ უნდა ავიდეთ და ავუხსნათ, რომ ერთი-ორი წინადადება მაინც შემოვიდეს. ათი კაციც რომ გააქტიურდეს, ეს იქნება კარგი შედეგი“, - ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.




საჯარო განხილვის შემდეგ, დღესვე, 22 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ისევ მერიას, მხოლოდ ორი რეკომენდაციით დაუბრუნა. წარმომადგენლობითი ორგანოს ინიციატივით, სარაგბო კლუბ „ტაოს“ დაფინანსება 20 000 ლარით უნდა გაეზარდოს და 90 000 ლარი შეადგინოს. ასევე უნდა გაიზარდოს ა(ა)იპ „მძლეოსნობის სპორტული კლუბის“ დაფინანსება 181 100 ლარიდან 200 000 ლარამდე.

ახალციხის მერიას, ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შესატანად 20-დღიანი ვადა აქვს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომავალ წელს 15 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.
Print