პოლიტიკა
,,ამომრჩევლის მოქრთამვა და ნაბიჯი უკან" – ნატოს ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა.

"გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ამასთან, როგორც იუკნევიჩიენემ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.

"უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატოს საპარლამენტო ასამვლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან.

მეორეს მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა. დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს",- განაცხადა მან.


Print