პოლიტიკა
უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. ინციდენტის შედეგად, რამდენიმე უკრაინელი მეზღვაური დაშავდა.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულ ბუქსირს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

სამხედრო კაბინეტთან კონსულტაციის შემდეგ, პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანს, შემდეგ კი უმაღლეს რადას დასამტკიცებლად გაუგზავნის. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ მოიცავს საპასუხო ცეცხლის გახსნას ამ ეტაპისთვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინული მხარე სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის.

2014 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კუთვნილი ყირიმი დაიპყრო. ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი.

მას შემდეგ, რუსმა სეპარატისტებმა უკრაინაზე თავდასხმა 2014 წლის აპრილში დაიწყეს, რასაც აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინა და დასავლეთი რუსებს რეგიონში ჯარისკაცების გაგზავნასა და სეპარატისტების შეიარაღებაში ადანაშაულებს. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ რუსი მოხალისეები ამბოხებულებს საკუთარი ნებით ეხმარებიან.
Print