პოლიტიკა
,,მდინარაძის მხრიდან, ეს არის სადამსჯელო აქტი, ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება" – ეკა ბესელია
ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 1tv.ge-ს განუცხადა, იურიდიულ კომიტეტში უნდა იყვნენ სწორედ ისეთი იურისტები, რომელთაც აქვთ გამოცდილება, ამავე დროს, პრინციპული, ზნეობრივი პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე.

„ფრაქციის მიერ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევა არ მიმაჩნია სწორად, ეს ჰგავს სადამსჯელო გადაწყვეტილებას. გედევან ფოფხაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა და მისი გაწვევა ფრაქციის სახელით, მდინარაძის მხრიდან, ეს არის სადამსჯელო აქტი, ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ცუდად ახასიათებს ამ გადაწყვეტილების მიმღებს და მგონია, რომ ასეთი სადამსჯელო, ძალიან უხეში მოქმედებით ზიანდება საერთო საქმე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია. როგორც მდინარაძემ თქვა, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა.

ფოფხაძე 31 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა.

ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.

რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩევს. ეს თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.
Print