პოლიტიკა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ დეკლარაცია არასწორად შეავსო.
სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა დეკლარაცია 2018 წლის დეკემბერში შეავსო, სადაც აღნიშნული აქვს, რომ სააქციო საზოგადოება ,,ვი – აი – პი ჯორჯიას" დირექტორია, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს – საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს.

შალვა ბერძენიშვილს მითითებული აქვს, რომ აღნიშნული სააქციო საზოგადოება არ ფუნქციონირებს, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. შესაძლებელია კომპანია აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს – გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან.

შალვა ბერძენიშვილი კიდევ ერთი კომპანიის შპს ,,არომა ტი"–ს დირექტორი და 10%–იანი წილის მფლობელია, შპს ,,ამირში" კი 12 %–იანი წილი ეკუთვნის. კანონის მიხედვით, შალვა ბერძენიშვილმა აღნიშნულ კომპანიებში თანამდებობები უნდა დატოვოს და კუთვნილი წილი სხვა პირებს მინდობით უნდა გადასცეს.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" თანამდებობის პირთა 20 – ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოავლინა.

იმერეთის, რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის გუბერნატორებმა, ასევე ქვემო ქართლისა და სამცხე– ჯავხეთის გუბერნატორების მოადგილეებმა დეკლარაციები არასრულად შეავსეს.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
Print