პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტში, დაბა ადიგენში გახსნა.

მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს 200-ზე მეტი სერვისით ადგილიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი
თანამედროვე ბიბლიოთეკით, ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით, სკაიპის ოთახითა და ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით.

საზოგადოებრივი ცენტრი ადიგენსა და მიმდებარე სოფლებში (ზარზმა, აბასთუმანი, წრე, ზანავი, გომარო, მლაშე, გორგული, იმერთუბანი, ლელოვანი, ამხერი, ღორძე, სამყურე, კახარეთი, ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა, უტყისუბანი, ფლატე, საირმე, ჭელა, ჭეჭლა, კეხოვანი, მოხე, ციხისუბანი, ნამინაური, ღორთუბანი, ზედუბანი, აფიეთი, დერცელი და კიკიბო) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.



საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორს 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია.

ადიგენის გარდა, პრობაციის სერვისების მიღება საჩხერის, წნორის, წალკისა და დმანისის საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, ადიგენის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.



ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული
ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საიუბილეო-საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
Print