პოლიტიკა
,,პასუხი აგოს გუბერნატორიდან დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურებით დასრულებული ყველამ" – ალი ბაბაევი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის
დადგმის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა არასწორია - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო minval.az ავრცელებს.

„კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა მოხდა როგორც თბილისში, ასევე აზერბაიჯანში ელჩების მეშვეობით. აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლის დადგმას დღეს, 25 იანვარს, პრესკონფერენციით გამოეხმაურა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე. ალი ბაბაევი ამბობს, რომ მომხდარმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.

ბაბაევის პროტესტი განსაკუთრებით იმ ფაქტმა განაპირობა რომ ძეგლი ახალქალაქში 20 იანვარს დაიდგა, ეს დღე კი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება. ამ დღეს დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე.

ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის ცენტრში პატარა სკვერის შუაგულში ყარაბაღის ომის მონაწილე მიხეილ ავაქიანია დაკრძალული. მეომრის ბიუსტი აქ 1997 წელს დადგეს. 22 წლის შემდეგ ადგილობრივმა გაგიკ ავაქიანმა ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარა და 20 იანვარს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთდ საზეიმოდ გახსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით მონაწილეობას უარყოფს, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხს მაინც აყენებს.

Print