პოლიტიკა
თვითმმართველობებს ქონების და უფლებების გადაცემა სჭირდებათ - სამოქალაქო სექტორი
ახალციხეში, ე.წ. სამხედრო დასახლების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, ახალციხის თვითმმართველობა წლებია უშედეგოდ ცდილობს.

ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული 20 ჰექტრამდე ტერიტორიით სარგებლობის უფლების მოპოვება, მუნიციპალიტეტის ოთხმა ხელმძღვანელმა სცადა. ადგილობრივ ხელისუფლებას რუსთაველის ქუჩის ამ ნაწილში, კულტურის სახლის, საბავშვო ბაღისა და სხვა საზოგადოებრივი ობიექტების განთავსება სურს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და მიწის ნაწილის გადმოცემას დღე-დღეზე ელიან. 


ე.წ. სამხედო დასახლება

თვითმმართველობები მათ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებს რომ ვერ განკარგავენ, ამაზე ყველა მუნიციპალიტეტში ჩივიან. ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე, ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ არაერთი საკითხის გადაწყვეტა უჭირს.

2017 წელს, თვითმმათველის სტატუსის მქონე ქალაქში, ბიუჯეტში არაერთი ცვლილება შევიდა. ერთ-ერთის მიხედვით, მტვერსასრუტი მანქანისთვის გამოყოფილმა 180 000 ლარმა, სხვა მუხლში გადაინაცვლა.

საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების რჩევით, ახალციხის მერიამ პრიორიტეტები შეცვალა და თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაანაწილა. ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მაშინ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

„რანაირი თვითმმართველობა ვართ, თუ ჩვენით არ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, ვიყიდოთ თუ არა მანქანა“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ სადათიერაშვილმა.

„მთავრობა გვეუნება უარს და არ გვაძლევს ნებას რომ მანქანა შევისყიდოთ? მერიაზე კარგად არავინ არ იცის რა სჭირდება ჩვენ ქალაქს“, - ცვლილებებს არ დაეთანხმა მალხაზ გიქოშვილი.

„მთავრობა უარს სრულად არ გვეუბნება, მაგრამ არის უფრო პრიორიტეტეული საკითხებიო,“ - აუხსნა დეპუტატებს ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.


ქალაქი ახალციხე

ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, ახალციხის მაშინდელ მერს მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდა და გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტა მოუწია. 682 000 ლარიანი პროექტით ახალციხეში, რუსული სკოლის მიმდებარედ კოლექტორის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ თვითმმართველობას ურჩია, რომ თანხა საბარგო სადგურზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობაში დაეხარჯა.

„მე მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, მაგრამ მგონი გაგვიგებენ, ეს გადაწყვეტილება ბევრად სამართლიანი და აუცილებელია,“ - განაცხადა ქალაქის თავმა.

პროექტებთან ერთად ქალაქ ახალციხემ მალევე თვითმმართველი ერთეულის სტატუსიც დაკარგა.

ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისთვის უფრო მეტი დამოუკიდებლობა და რესურსი სჭირდება - ამაზე ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობაშიც თანხმდებიან. თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი არც თუ ისე სწრაფი ტემპით მიიწევს წინ.

„თბილისში უნდა დავანებოთ თავი იმაზე ფიქრს, რომ დედაქალაქიდან არის შესაძლებელი 3 500 დასახლების პრობლემების მოგვარება. ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც ტრიალებს სახელმწიფო სტრუქტურებში. თუ ვამბობთ, რომ მუნიციპალიტეტებს დაგეგმვის საშუალება უნდა ჰქონდეთ, ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ მას ჰქონდეს ცხადი წარმოდგენა რა ფინანსები იქნება საშუალოვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დიკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა. ის გულისხმობს თვითმმართველობების ფინანსურ დამოუკიდებლობას, დეცენტრალიზაციას და უფლებების გაზრდას.

„გამოწვევები უკავშირდება ფინანსურ, ქონების ასევე უფლებამოსილებების დამატების საკითხებს. სტრატეგიის ტექსტსა და ამოცანებში სწორედ ეს საკითხები გვაქვს მოცემული“, - განაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა.



სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობაში ექსპერტები ჩაერთვნენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2019-2025 წლებზე გათვლილი დოკუმენტი „კეთილი სურვილების დეკლარაციად“ გამოიყურება.

„სტრატეგიის დოკუმენტმა მუნიციპალიტეტს და ნებისმიერ მოქალაქეს ციფრებით უნდა დაანახოს, სად ვიქნებით შვიდი წლის შემდეგ. კონკრეტიკის გარეშე დოკუმენტი არ არის სტრატეგია. ის იწერება ასე: ვაანალიზებთ ახლა სად ვართ, რა არ მოგვწონს და სტრატეგიის დასრულების შემდეგ როგორი თვითმმართველობა უნდა გვქონდეს. ეს ტექსტი ამის დანახვის საშუალებას არ იძლევა“, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.



თვითმმართველობებისთვის ქონების და უფლებამოსილების გადაცემა მუნიციპალიტეტს ეფექტური საქმიანობისთვის სჭირდება - ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებში.

„დეცენტრალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეალური თვითმმართველობა განხორციელდეს. რიგი საკითხები გადასაჭრელია, საიდანაც სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტმა უნდა მიიიღოს კონკრეტული სარგებელი. ეკონომიკის ზრდის კუთხით ბევრი რამ არის დასარეგულირებელი, მათ შორის ქონების საკითხში. ფაქტიურად, იკარგება შემოსავლები და შესაძლებლობები“, - აცხადებს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისთვის, კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობის და დემოკრატიისთვის“ ხელისუფლებას საკუთარი მოსაზრებები შესთავაზა, თუმცა როგორც კოალიციის წევრები ამბობენ, მათი ინიციატივები მხოლოდ ზეპირსიტყვიერად არის ასახული.
Print