პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სომხური ეკლესიის მეთაურს შეხვდა. გარეგინ II-მ საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით კი საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

,,ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ ,,ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში", - პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.





ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
Print