პოლიტიკა
სოფელში გადასულ პედაგოგს შესაძლოა კარ-მიდამო და პირუტყვი გადაეცეს
განათლების კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, რომელიც გულისმობს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის, საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100%-ის მიცემას ნაცვლად 50%-ისა; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100%-ის მიცემას ნაცვლად 50%-ისა.

ემზარ კვიციანის განცხადებით, მისი კანონპროექტი შეაჩერებს მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციას და გააუმჯობესებს ასეთ დასახლებებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, აამაღლებს მათი ცხოვრების დონეს, ხელს შეუწყობს დასაქმებას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პარლამენტის წევრის, ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, შესაძლოა ქალაქიდან სოფელში სამუშაოდ გადასულ მასწავლებლებს კარ-მიდამო, ნაკვეთი და პირუტყვი გადასცენ. როგორც ქანთარიამ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინიციატივა პედაგოგებისთვის სტიმულის მიცემას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ამ საკითხზე განათლების მინისტრთანაც ისაუბრა.

„ეს იქნება გარკვეული სტიმული. აი, ეს ინიციატივა იყო. მქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს გარკვეულწილად საქმეში გადავა. ასე რომ, მიდის ფიქრი ამაზე და არა მარტო ფიქრი, არამედ კონკრეტული ქმედებები“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პედაგოგთა ნაწილში ანაზღაურების გაზრდის თვალსაზრისით.
Print