პოლიტიკა
„დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით“ - პრეზიდენტი რეპატრირებულ მესხებს

 

სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ახალციხის ბაზარს ეწვია.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბაზარი დაათვალიერა, თუთუნი, ლობიო და რძის ნაწარმი შეიძინა, ადგილობრივებმა კი მესხური ნობათი - ბაქმაზი საჩუქრად გადასცეს.

პრობლემებზე მხოლოდ ახალციხეში მცხოვრები რეპატრირებული მესხები ესაუბრნენ, რომლებმაც პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში დახმარება სთხოვეს. იგივე საკითხზე ისაუბრა ნინოწმინდის მერმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე.

„14 აპრილი არის დედაენის დღე და როგორც იცით, ახალქალაქში ვიქნები. ორმაგ მოქალაქეობაზე და ამ თემებზე იქ მექნება ბევრად ვრცელი პასუხი“, - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სალომე ზურაბიშვილი „მეცხრე არხის“ კითხვაზე. 

სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 13 აპრილს, ახალციხიდან დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას და „აწარმოე საქართველოს" პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა 14 აპრილს ახალციხიდან ახალქალაქში გადაინაცვლა, სადაც ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ასევე, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს.

 


Print