პოლიტიკა
რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.

"ვფიქრობ, ჩინეთი ცდილობს, ერთდროულად ორი მხარე დაიკავოს. ის მშვიდობის ხელშეწყობას ცდილობს და ამავდროულად, აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით - რიტორიკულად ამტკიცებს საკუთარ აზრს საერთაშორისო ინსტიტუტებში, ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის [გავრცელებას].

არ მინდა გაზვიადება, მაგრამ მათ [ჩინეთს] გარკვეული ბერკეტები აქვთ. რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. ის ამ ურთიერთობებში უმცროსი პარტნიორია. ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი გამოიყენებს [ბერკეტებს], რომელიც რუსეთთან აქვს, რათა [რუსეთი] სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ წაიყვანოს"
, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, ჩინეთმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორიები, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდებისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევით.

”პირველ რიგში, ზოგიერთი სამშვიდობო იდეა, რომელიც ჩინელებმა წამოაყენეს, დადებითია. მართლაც, ისინი ასახავს იმას, რასაც ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია ვამბობთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ისეთ ელემენტზე, როგორიცაა სუვერენიტეტი. ჩინეთმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დააბრუნოს ის ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით, უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევით“, - განაცხადა ამერიკელმა წარმომადგენელმა.

აპრილის დასაწყისში ჩინეთმა წინააღმდეგი იყო გაეროს საგამოძიებო კომისიის გახანგრძლივებას, რომელიც მუშაობს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების იდენტიფიცირებაზე. თუმცა, გახანგრძლივების რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ.

გერმანიაში თქვეს, რომ ჩინეთი უკრაინას რუსეთის საკუთრებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში ისინი იყენებენ ტაივანის მაგალითს, რომელიც მათ თავდაპირველ ტერიტორიად მიაჩნიათ.

ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა მზადყოფნა განაგრძოს პეკინის მონაწილეობა უკრაინის ომის მშვიდობიან მოგვარებაში.
Print