პოლიტიკა
თუ ქართული აეროპორტები და კომპანიები დასანქცირდებიან, მოქალაქეები ევროპაში ფრენას ვერ შეძლებენ - სტრატეგია აღმაშენებელი
„ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს უმტკივნეულო გადაწყვეტილებაა - ჩვენ გვიწევს ამაში ჩვენი თავისუფლების ფასის გადახდა და ფასი ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვისაც იქნება, ვინც გამგზავრებას აპირებს - თუ ქართული აეროპორტები სანქცირებაში მოჰყვებიან, მოქალაქეები ევროპაში ფრენას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს, რუსული ჭაობი უნდა თუ ევროპა. გარდა ამისა, მანჯგალაძის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების „დამსახურებაა“.

„ხელისუფლება ცდილობს პრიმიტიულად წარმოაჩინოს საკითხი - „ჩვენ რა შუაში ვართ ვიზების გაუქმებასთან, ფრენების აღდგენასთან?!“ სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ „დამსახურებაა“ - „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად პარტნიორი არ დარჩა დასავლეთში და იზოლაციაში ჩააგდეს ქვეყანა. ბოლო პარტნიორი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხელს ართმევდა, „ევროპის სოციალისტური პარტია“ იყო, იქიდანაც გამოიქცნენ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ქვეყანა გახადეს დამოკიდებული, უფრო მეტი ბერკეტი შეუქმნეს რუსეთს.

მესამე საკითხი კი ისაა, რომ საქართველოში ავრცელებენ იმ ნარატივებს, რაც რუსეთში სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილია, რომ დასავლეთი პატარა ქვეყნების მტერია, დასავლეთი ანადგურებს იდენტობას, საფრთხეს უქმნის ქრისტიანობას. თუ ისე იქცევი და ლაპარაკობ, როგორც რუსი და დასავლეთს მტრად აღიქვამ, როგორც რუსი, მოგექცევიან ისე, როგორც რუსს.

მსოფლიო ასეთი გაყოფილი არასდროს ყოფილა სინათლის და ბნელეთის ბანაკად. სინათლე და სიმართლე უკრაინისა და თავისუფლების მხარესა. რუსეთი არის ბავშვების მკვლელი, ტოტალიტარული სახელმწიფო, პუტინი კი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედაა ცნობილი. „ქართული ოცნება“ კრიმინალთან ცდილობს კოჰაბიტაციას“
,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
Print