პოლიტიკა
"საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას მიმართავს
24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს მიმართა და საქართველოს სახელით უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით იქნება ყოველთვის, ისევე, როგორც ახლა.

"ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება.

ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის"
, - განაცხადა მან.

ზურაბიშვილის განცხადებით, ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო, საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.

"ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის.

ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული
", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, სწამს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე - ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
Print