პოლიტიკა
უახლოეს დღეებში შევიტანთ წარდგინებას - კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სასამართლოს 1-თვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე - დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება საბოლოო კენჭისყრა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პროცედურა ასეთია, თავიდან საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შედის კონსტიტუციური წარდგინება. სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე. ამის შემდეგ, პარლამენტს ორკვირიანი ვადა აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, კენჭისყრაზე 2 კვირის ვადაში უნდა გავიდეს ეს საკითხი. უახლოეს დღეებში შევიტანთ წარდგინებას და დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება საბოლოო კენჭისყრა“, - აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
Print