პოლიტიკა
ენმ-ს ახალციხის საკრებულოს წევრებმა ფრაქცია დატოვეს
შიდაპარტიული დევნისა და არაფორმალური მმართველობის მიზეზით, ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

შედეგად, ახალციხის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშალა. პარტიის უკვე ყოფილი ზოგიერთი წევრი ნანობს, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მხარი ლევან ხაბეიშვილს დაუჭირა.

,,ამ პარტიაში ვარ 2012 წლიდან, უსამართლობას ვებრძვი და დღეს უკვე უსამართლობას წავაწყდი ამ პარტიაში. მივიღე გადაწყვეტილება და ჩემ გუნდთან ერთად ვტოვებ ფრაქციას. მთლიანად ფრაქცია გადავედით და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ვაგრძელებთ მუშაობას. პარტია არ დაგვიტოვებია. დღესდღეობით ჩვენ არ ვიცით, ვინ არის პარტიის თავმჯდომარე, ჩვენ არავინ შეგვხმიანებია მეშვიდე თვეა" - აცხადებს ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ნატო დარბაიძე.

ფრაქციის წევრების მიმართვა საკრებულომ უკვე დააკმაყოფილა. ახალციხის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, საკრებულოში მუშაობას, რეალურად, უკვე დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით განაგრძობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ფრაქცია დაეშალათ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკრებულოებში განვითარებული პროცესები მნიშვნელოვანი არ არის. ლევან ხაბეიშვილის გუნდი პარტიაში არც არაფორმალურ მმართველობას აღიარებს და არც თავმჯდომარის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს იღებს. ისინი საბოტაჟში პირიქით, "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილ წევრებს ადანაშაულებენ.

ახალციხემდე, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ბილეთები დადეს ადიგენშიც. ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებების გამო, უკმაყოფილება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პარტიის არაერთმა წევრმა საჯაროდ გამოთქვა.

Print