პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოიტანა. შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გადასინჯვას, ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 14 ოქტომბრამდე ჰქონდათ ვადა, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.
Print