პოლიტიკა
პატრიარქმა ეკლესიის გეზი მტკიცედ შეინარჩუნა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელშიც მონაწილეობდნენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრეზიდენტს კითხვა პატრიარქისა და მართლმადიდებელი ეკლესიის როლზეც დაუსვეს.

,,- მინდა გკითხოთ ქართული ეკლესიის როლის შესახებ, რადგან ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს, როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქი მოხუცდა და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია იყოს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაზე?

- ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან კომპლექსურია, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დღეს პატრიარქი ფიზიკურად სუსტადაა, პატრიარქი, რომელმაც ამ ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან და ვიტყოდი, რომ მიდრეკილია მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესია ამ შემთხვევაშიც გაჰყვება პროევროპულ რიტორიკას. ვინაიდან ოპტიმისტური ვარ და მჯერა საქართველოს სიმტკიცის, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი, პატრიარქის არჩევას" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Print