პოლიტიკა
ადიგენის გამგებლის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინდია ჯელიას გათავისუფლების შესახებ ბრძანება 20 თებერვალს დაიწერა.

"გამათავისუფლა პირადად ადიგენის გამგებელმა. მე არავისთვის არასდროს მიმიცია მიზეზი, რომ სამსახურიდან გავეშვი. შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული ლევან ლობჟანიძის გათავისუფლებასთან, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. თუმცა რა კავშირი მაქვს ამასთან არვიცი. არ ველოდი ამას ზაქარია ენდელაძისგან, გაოგნებული ვარ" – აცხადებს მინდია ჯელია "მეცხრე არხთან".

გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადიგენის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ადიგენის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი რატი ტატალაშვილი მინდია ჯელიას გათავისუფლების შესაძლო მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ უცნაურად დაემთხვა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე აღდგენისა და გამგებლის პირველი მოადგილის გათავისუფლების პროცესები. კითხვაზე იკვეთებოდა თუ არა მინდია ჯელიას მხრიდან ლობჯანიძის მიმართ სიმპათიები, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციური ბანაკის გადასახედიდად, მსგავსი რამ არასდროს შეუნიშნავს.

"მინდია ჯელიასთან კონტაქტი არ მქონია და არც მაქვს" – აცხადებს ლევან ლობჯანიძე. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, იმპიჩმენტის დროს ურთიერთობა დაეძაბა, როგორც გამგებელთან, ასევე მის პირველ მოადგილესთან. ამიტომ შეიძლება თუ არა ჯელიას გათავისუფლება მის თანამდებობაზე აღდგენას უკავშირდებოდეს, ვერაფერს ამბობს.

"ჩემი აღდგენის დროს მინდია არც ყოფილა მგონი რაიონში. არც კი ვიცი ვინ დამიჭირა მხარი და ვინ არა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო მისი გათავისუფლება, იმიტომ რომ მინდიას დიდი წვლილი მიუძღვის ზაქარია ენდელაძის გამგებლად ყოფნაში. დაპირისპირება თუ იყო მათ შორის ისიც კი არ ვიცოდი" – აღნიშნავს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე.

მინდია ჯელიას გამგებლის პირველი მოადგილის პოსტი 2014 წლის 16 ივნისიდან ეკავა.

Print