პოლიტიკა
ადიგენში, აქციის წევრები მინდია ჯელიას თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ
ადიგენის გამგეობის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილია მინდია ჯელიას, 100–მდე მხარდამჭერი. აქციის წევრები აცხადებენ, რომ გამგებლის პირველი მოადგილის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. მათივე თქმით, მინდია ჯელია იყო ადამიანი, ვისთანაც მიდიოდნენ და პრობლემებს უგვარებდა. აქციის მონაწილეები ჯელიას თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი მალხაზ ბოჩიკაშვილი. მისი თქმით, ადიგენში მიმდინარე პროცესები "ქართულ ოცნებაში" პორტირებული იმ წევრების ქმედების შედეგია, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის წევრებს ებრძვიან.

თავად მინდია ჯელია არ გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლება, შესაძლოა, ლევან ლობჯანიძის თანამდებობაზე აღდგენას უკავშირდებოდეს, რადგან როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალი გადაყენების საკითხი განიხილებოდა, მასში მონაწილეობა არ მიიღო.

მინდია ჯელია პარტიის რიგგარეშე ყრილობას მოითხოვს. ფიქრობს, რომ არსებობს პრობლემები, რომელიც პარტიაშივე უნდა მოგვარდეს. მისივე თქმით, დღეს ადიგენის გამგეობამ გზები თოვლისგან გამიზნულად არ გაწმინდა, რადგან აქციაზე მიმსვლელთა გადაადგილება შეფერხებულიყო.

ადიგენის გამგებელი მინდია ჯელიას გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამაზე ახსნა–განმარტებებს არ აპირებს. ზაქარა ენდელაძე ირწმუნება, რომ პირველი მოადგილის პოზიციაზე არავის მოიაზრებს, მათ შორის არც იმედა მღებრიშვილის კანდიდატურას.

გამგებლის თქმით, ვერ ხედავს საჭიროებას პარტიის რიგგარეშე ყრილობა ჩატარდეს. მისივე თქმით, ბრალდება გზის გაწმენდასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ზაქარია ენდელაძე მიიჩნევს, რომ ნალექი მცირე რაოდენობით მოვიდა და გზის გაწმენდა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

ადიგენის გამგებელმა პირველი მოადგილე მინდია ჯელია დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა.
Print