პოლიტიკა
ახალციხის ა(ა)იპ–ებისა და შპს–ების რეორგანიზაცია დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ–ებისა და შპს–ების რაოდენობა მცირდება.
ქალაქ ახალციხესა და თემში სულ 16 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა. აქედან 10 ახალციხის მერიაში, 6 კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების გამო, მათი რიცხვი 12–მდე მცირდება.


მერიაში ამბობენ, რომ 4 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაუქმებასთან ერთად, ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გაუქმებაც მოხდება. ოთხი ა(ა)იპ–ი და ერთი შპს ერთმანეთის მსგავსია. ამიტომ შპს–ის შემთხვევაში შერწყმა მოხდება, ა(ა)იპ–ის შემთხვევაში კი მიერთება.

"ორივე მუნიციპალიტეტში იყო ა(ა)იპ–ები – კულტურის დაწესებულებების გაერთიანება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. გაერთიანდება ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება“ და ააიპ „ახალციხის ტბა“; მოხდება შპს „ვალეს კომუნალური გაერთიანებისა“ და შპს „კეთილმოწყობის" შერწყმა", – განმარტავს ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ევა იველაშვილი.

ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებს ყველა ა(ა)იპ–ი და შპს.

მერიაში ვერ აკონკრეტებენ, რეორგანიზაციის შედეგად რამდენ თანამშრომელს მოუწევს სამსახურის დატოვება. თითოეულ მათგანზე ადგილობრივი ხელისუფლება კომპენსაციებს გასცემს.

იმ შემთხვევაში, თუ მათი გაფრთხილება გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე მოხდება, კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით მიეცემა, სამი დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში კი ორი თვის შრომის ანაზღაურებას მიიღებენ.

ა(ა)იპ "ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების" ხელმძღვანელი ნანა ბერიძე ამბობს, რომ მერიიდან მიღებული წერილის საფუძველზე, რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები უკვე გააფრთხილა.

მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ხელმძღვანელისგან გაფრთხილებულები არიან ა(ა)იპ "ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირების" თანამშრომლებიც.
Print