პოლიტიკა
უზენაესმა სასამართლომ კოპაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გამართლების ბოლო მცდელობა უზენაეს სასამართლოში უშედეგოდ დასრულდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გიორგი კოპაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. იგი ახალციხის რაიონული და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, აღსრულების სააგენტოს მიმართავს და კოპაძისგან დაკისრებული ვალდებულების აღსრულებას მოითხოვს.

გიორგი კოპაძის ადვოკატი დავით მუმლაძე კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, ამიტომ დეპუტატის პოზიციას ვერ დააფიქსირებს. 

შეგახსენებთ, რომ საქმეზე სამოქალაქო დავა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, საკრებულოს დეპუტატმა, ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კოპაძეს „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაევალა.

კოპაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გიორგი კოპაძის ადვოკატმა, უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი, 2017 წლის 8 მაისს წარადგინა.

მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში მოხდა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.

Print