პოლიტიკა
აუდიტის სამსახურის გამოვლენილი დარღვევები ადიგენში
აუდიტის სამსახურმა 2015–16 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტიში, გამგეობასა და საკრებულოში შრომის ანაზღაურების მუხლი და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გაწეული ხარჯები შეისწავლა.

ანგარიშში მოცემულია დარღვევა–ნაკლოვანებები, რომლებიც აუდიტორებმა გამოავლინეს. ისინი ადიგენის ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიუჯეტის რაციონალური და გონივრული ხარჯვისკენ მოუწოდებენ.

* მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. როგორიცაა საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მდივანი, ელექტრიკოსი და ა.შ. ეს კი მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება. გარდა ამისა, მათზე გაცემულია პრემია.

"შრომითი ხელშეკრულებები არ შეიცავს დამქირავებლის ვალდებულებას საპრემიო ანაზღაურების შესახებ.ამდენად, აუდიტის ჯგუფი შეუსაბამოდ მიიჩნევს შტატგარეშე მოსამსახურეებზე 14.8 ათასი ლარის პრემიის გაცემას, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა ამის ვალდებულება" – აღნიშნულია დასკვნაში.

* შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. თუმცა ადიგენის მუნიციპალიტეტში დაქირავებულების რაოდენობა 1–2 თანამშრომლით აღემატებოდა ზღვრულ ნორმას.

* სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. 2015–16 წლებში მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მანქანების გარდა, კიდევ 9 ავტომანქანას იყენებდა. მთავრობის რეკომენდაციით ადიგენს 5 ავტომობილის გამოყენება შეეძლო.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ "მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები."

* მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

ინფრასტრუქტურის მშენებლობისას გამოვლენილი დარღვევები:

* მუნიციპალიტეტს ზოგიერთი შესყიდვის დროს მიმწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული მოთხოვნებისგან განსხვავებული, შეღავათიანი პირობებით. შედეგად, მიმწოდებლებს დაერიცხათ ნაკლები საჯარიმო თანხები.

* მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, პრეტენდენტის მიმართ დაუსაბუთებელი საკვალიფიკაციო მონაცემების მოთხოვნის შედეგად, შეიზღუდა კონკურენცია, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სამუშაოები შეისყიდა გაზრდილი ღირებულებით.

* მუნიციპალიტეტში შესრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანებულია (დიდი ზანავი–პატარა ზანავი–ჭულეს გზა). გამგეობამ საგარანტიო ვადაში მიმართა მიმწოდებელს, მაგრამ ხარვეზები გამოსწორებული არ არის. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული ხარისხის გზა, ხოლო მოსახლეობამ - შესაბამისი სარგებელი.

* ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რამდენიმე შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა საჭირო ფინანსური რესურსი. (რიტუალების დაუსრულებელი სახლები სოფლებში – არზნე, ნაქურდევი, მლაშე, ციხისუბანი, ნამინაური და პატარა ზანავი). შედეგად, მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არ არის ეფექტიანი.

*მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

აუდიტის სამსახურმა, გამოვლენილ დარღვევებზე ადიგენის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციებით მიმართა.
Print