პოლიტიკა
საკრებულომ გაზრდილი ხელფასების საკითხი მერიას დღესაც არ დაუმტკიცა
ხმაური და დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების გაზრდის საკითხს მოყვა. 4–ჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ ქართულმა ოცნებამ

ბოიკოტი შეწყვიტა და 28 თებერვალს, სხდომაზე მივიდა. მიუხედავად ამისა, საკითხს 15–მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნული საკითხის ჩავარდნამ, ბორჯომის საკრებულოში ხმაური გამოიწვია. ოპონენტებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფება მიაყენეს. ქართული ოცნების დეპუტატი ივანე შალუტაშვილი ლეიბორისტ გიორგი გიუაშვილს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია ამბობს, რომ მან გიუშვილის მხრიდან კოლეგაზე თავდასხმის ფაქტი დაინახა, რის გამოც მის დასჯას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისგან, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელია ხელფასების საკითხის დამტკიცებას მოითხოვს.

კოლეგების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ლეიბორისტი დეპუტატი. გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნება მას თავად დაესხა თავს. ხალხის ოპოზიციონერ რჩეულს მერიის თანამშრომლებთანაც მოუწია თავის მართლება.

საკრებულოს სხდომა 12 საათზე დაიწყო. მოგვიანებით სხდომას ქართული ოცნების 11 დეპუტატი შეუერთდა, მაგრამ არასაკმარისი ხმების გამო საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხის დამტკიცება ვერც ამ სხდომაზე მოხერხდა. ბორჯომში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო მერიის თანამშრომლებს მესამე თვეა ხელფასი არ მიუღით.

მიუხედავად ამისა, საკრებულოს თავმჯდომარე პატრიოტთა ალიანსიდან ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ ხელფასების მომატების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მომდევნო საკრებულოს სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა, თუმცა არ არის გამორიცხული, მერიის მოთხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე სხდომა უფრო ადრეც გაიმართოს.


Print