პოლიტიკა
ბორჯომის მერი გაზრდილ ხელფასზე უარს ამბობს
ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს მუნიციპალიტეტის მერი განცხადებით გამოეხმაურა.

ლევან ლიპარტია უარს ამბობს მისი თანამდებობრივი სარგოს გაზრდაზე და საკრებულოს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ სხვა თანამშრომლების ხელფასების მატებას.

ბორჯომის მერის განცხადებას მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

"უკვე რამდენიმე თვეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონკრეტული ძალები ხელოვნურად ცდილობენ კრიზისის შექმნას. უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი საკრებულოს წევრების დესტრუქციული ქმედებების შედეგია. მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამო თვეების განამვლობაში უხელფასოდაა დარჩენილი ასეულობით ადამიანი, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან.

მსგავსი დესტრუქციული სახის ქმედებები აფერხებს მუნიციპალური სამსახურების გამართულ საქმიანობას, ამის გამო კი მოსახლეობას შესაბამისი სერვისებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა.

რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, ისინი საუბრობენ, რომ თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონი ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის დემოკრატიულად არჩეული მერი, მზად ვარ უარი ვთქვა საკუთარი ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე.

მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მხარდამჭერებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლისთვის კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ზრდას, საშულება მისცენ მერიის თანამშრომლებს სრულყოფილად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და დაასრულონ ის დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს უკანასკნელი დღეების და თვეების მანძილზე",
– ნათქვამია განცხადებაში.
Print