პოლიტიკა
გოჩა გობრონიძე ლევან ხაბეიშვილს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს
ბაკურიანის რწმუნებული გოჩა გობრონიძე მის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელით პასუხობს.

,,მეცხრე არხი" უცვლელად გთავაზობთ წერილის შინაარს.

,,დღეს ბაკურიანში მორიგი პროვოკაციის მოსაწყობად ჩამოვიდნენ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები მატყუარა ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით. მათი ერთადერთი მიზანი პროვოკაციის მოწყობა და ხალხის მოტყუება იყო. ლევან ხაბეიშვილისგან განსხვავებით ჩვენ დიდი პასუხისმგელობა გვაკისრია და უამრავი საქმე გვაქვს საკეთებელი" – ამ ტექსტით იწყებს ბაკურიანის გამგებელი გოჩა გობრონიძე საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე წერილს, რომელიც დღეს, კურორტზე განვითარებულ მოვლენებს ეხება.

,,ჩვენ ყოველდღიურად ბაკურიანელებთან ერთად მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ და არ ვაპირებთ ეს მნიშვნელოვანი დრო ნაც. მოძრაობის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობისთვის დავხარჯოთ. მატყუარა ხაბეიშვილი ყველაფერს კადრულობს და ცდილობს მოსახლეობას თვალებში ნაცარი შეაყაროს.

თითოეულმა ბაკურიანელმა იცის, რომ 2017 წელს საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დასკვნის საფუძველზე ავარიულად გამოცხადდა, რის შემდეგაც გამგეობისგან სრულიად დამოუკიდებლად აღსაზრდელების მშობლებმა და დირექტორმა თავად შეარჩიეს საბავშვო ბაღისთვის ალტერნატიული შენობა და სწორედ მათი არჩევანის საფუძველზე მიიღო ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება.

სასტუმრო, რომელზეც ხაბეიშვილი საუბრობს 2011 წელს ჩვენმა ოჯახმა დიდი წვალებისა და შრომის შედეგად გახსნა, მაგრამ სამწუხაროდ საბანკო ვალდებულებების შესრულება ვერ შევძელით, რის გამოც აღნიშნული შენობა დავკარგეთ და მას შემდგომ ჩვენივე ყოფილი საკუთრება იჯარით გვაქვს აღებული ბანკისგან.

ეს ადამიანი კი ცდილობს ალტერნატიული ისტორიების შეთხზვას და აბსურდული ბრალდებებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, მაგრამ გადაეცით ხაბეიშვილის, რომ ეს არ გამოუვა რადგან „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ !!!

უახლოეს მომავალში პირადად მოვიწვევ მედიასაშუალებებს, გავაცნობ ჩვენს მიერ გაკეთებულ უამრავ საქმეს, პირადად დავათვალიერებინებ ბაღსაც, სასტუმროსაც, მივაწვდი ნებისმიერ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას და შეგვიძლია ერთად მოვისმინოთ ბაკურიანელების შეფასებები ნებისმიერ საკითხზე".
Print