პოლიტიკა
მეტროსადგურებისა და აეროპორტის მოსაკრებელი ბორჯომშიც აქვთ დაწესებული
ბორჯომის საკრებულოს მეტროპოლიტენის სადგურებისა და აეროპორტებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დაწესებული, მათ შორის, ცალკეულ

დაბებსა და სოფლებშიც. საკრებულოს დადგენილება 2013 წლის 7 ივნისს აქვს მიღებული, ამის შემდეგ დოკუმენტი 7-ჯერ შეიცვალა, თუმცა აღნიშნული მოსაკრებელი დღემდე არ არის გაუქმებული.

ბორჯომის საკრებულოს 2013 წლის 7ივნისის №16 დადგენილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მდებარე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებს“ დასუფთავების მოსაკრებლის სახით 1 კვ.მ ღია ფართობზე თვეში 1 თეთრის, დახურულ ფართობზე კი 9 თეთრის გადახდა დაევალათ.

ცალკე ტარიფია განსაზღვრული დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წაღვერში და 4 სოფელში (ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერი) „მდებარე, ვაგზლების, აეროპორტებისა და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის“. ამ დასახლებებში მოსაკრებლის ოდენობა ყოველ 1 კვ.მ-ზე 1 თეთრს შეადგენს.

დადგენილების დანართებში მითითებული ობიექტების ნუსხა ბორჯომის საკრებულომ, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის დადგენილების ტექსტიდან მექანიკურად გადააკოპირა.

აღსანიშნავია, რომ 2013 – 2017 წლების განმავლობაში საკრებულოს დადგენილებაში 7-ჯერ განხორციელდა ცვლილებები (ბოლო ცვლილება შეტანილია 2017 წლის 27 დეკემბერს), თუმცა არც მოქმედ და არც წინა მოწვევის საკრებულოს მეტროს სადგურებისა და აეროპორტებისთვის დადგენილი მოსაკრებელი არ გაუუქმებია. 

წყარო: რეგინფო
Print