პოლიტიკა
ბორჯომში საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო
16 მარტს, ბორჯომის საკრებულოში ჩანიშნული სხდომა აღარ გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოში გამართულ კომისიის და ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს.

ხვალ დაგეგმილ სხდომაზე მთავარი საკითხი კვლავ მერიის თანამშრომლების ხელფასები იყო, რომელზეც მერია და საკრებულო მესამე თვეა ვერ თანხმდება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ მერიას ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი დღეს უკან დაუბრუნდა, რეკომენდაციებით და სხვა მუნიციპალიტეტების მერიის სამსახურებში არსებული სახელფასო ნუსხით. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ იმ ფორმით ხელფასების მატებას, რომელსაც მერია მოითხოვს, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი მხარს არ დაუჭერს.

საკანონმდებლო ორგანოს მორიგი გეგმიური სხდომა 28 მარტისთვის არის დაგეგმილი.ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ფერაძე, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სხდომის გადადებას ფერაძე დეპუტატების მხრიდან უსულგულო საქციელად მიიჩნევს. აქვე განმარტავს, რომ საკრებულოსგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებას "ქართული ოცნება" არ აპირებს და აღარც მერიის თანამშრომლების სახელფასო ნუსხის ცვლილებას გეგმავს.

"ჩვენ დაველოდებით 28 მარტს დაგეგმილ სხდომას, იქამდე არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ"- აცხადებს ფერაძე.

საკრებულოსა და მერიას შორის ხელფასების ოდენობაზე დავის ფონზე, უკვე 3 თვეა უხელფასოდ არიან მერიის თანამშრომლები.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"
Print