პოლიტიკა
"ზომაზე მეტად ტოლერანტები ვართ" – სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი, დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ, ადგილობრივ მედიას შეხვდა.

კახა სამხარაძემ სამომავლო გეგმებსა და რეგიონის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

ერთ–ერთი საკითხი სამცხე–ჯავახეთში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები იყო. კახა სამხარაძე მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის მომხდარ ინცინდენტებს, ხელოვნურად შექმნილს უწოდებს.

"ქართველები ვართ ძალიან ტოლერანტი ადამიანები. ზომაზე მეტად ტოლერანტებიც კი. საქართველოში არც ერთი კონფესიის, არც ერთი ერის წარმომადგენელს ცხოვრება არ გასჭირვებია. ამიტომ ბევრი პრობლემა შეიძლება ხელოვნურად წარმოქმნილი იყოს. სიღრმისეულად რომ ჩამოვყვეთ, შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება არ იყოს ძალიან რთული", – განაცხადა კახა სამხარაძემ.

რეგიონის პირი პირი მიიჩნევს, რომ მოხეს ინცინდენტი მხარეებმა სწორი გადაწყვეტილებით მოაგვარეს. სამხარაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ სოფელში მუსლიმებისთვის მეჩეთი შენდება. "მოხეს სადავო შენობაზე იქნა საერთო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ შენობას არ შევეხოთ, ისტორიულ ძეგლად დარჩეს და ეს კარგი გამოსავალია. ყველა აღმსარებლის ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავისი რელიგიური, სულიერი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს", – აცხადებს სამხარაძე.

ახალი გუბერნატორი რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტების მოგვარებას, მხარეებთან დიალოგში ხედავს. "მე ძალიან მიკვირს, რომ ღრმა პრობლემად წარმოაჩენენ. თუ რამე პრობლემა წამოიჭრა, შეიძლება დაჯდომა, დალაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება."

კახა სამხარაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტი, 2 აპრილს დაიკავა.
Print