პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტი - სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს
სომხეთში ვითარებამ საშიშ ზღვარს მიაღწია და შეუქცევად შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, - ამის

შესახებ ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებაში. სარქისიანი მწუხარებას გამოთქვამს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო და მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

„აუცილებელია უარის თქმა დესტრუქციულ ქმედებებზე და დიალოგის შესაძლებლობების ძიება. ამიტომ ყველა მოქალაქეს, თანამემამულეს და დიასპორას მოვუწოდებ, თავის შეიკავონ სიტუაციის გამწვავებისგან. არ შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სომხეთის უსაფრთხოება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სომხეთში დაუმორჩილებლობის აქცია გრძელდება. ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა. სამართალდამცველებმა დემონსტრაციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც გუშინ დააკავეს, გაათავისუფლეს.

პაშინიანი მომხრეებს შეუერთდა. ამ წუთებში ასეულობით ადამიანი ერევნის ცენტრალური ნაწილისკენ მიემართება. მათი მოთხოვნა უცვლელია - მომიტინგეები პრემიერ მინისტრ სერჟ სარქისიანს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

პროტესტი სომხეთში უკვე მეათე დღეა გრძელდება. აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულ აქტივისტთა რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა.

ადვოკატის რუსტამ ბადასიანის განცხადებით, ნიკოლ პაშინიანის უფლებები უხეშად ირღვევა. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას წინ უძღოდა მისი ხანმოკლე შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ სარგსიანთან. შეხვედრის ადგილი, სასტუმრო „მარიოტი“ სერჟ სარგსიანმა რამდენიმე წუთშივე დატოვა და ნიკოლ პაშინიანი შანტაჟში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც პაშინიანმა მოლაპარაკების ერთადერთ საგნად დაასახელა სარგსიანის გადადგომის პირობები.

შეხვედრის შემდეგ ნიკოლ პაშინიანი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებულ საპროტესტო მსვლელობას, რომელსაც გზა პოლიციამ გადაუკეტა და დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. ნიკოლ პაშინიანთან ერთად დააკავეს სომხეთის პარლამენტის კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის და ამ გზით მისი ძალაუფლების გახანგრძლივების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილიდან დაიწყო. პოლიციის მიერ დაკავებულია 230-ზე მეტი დემონსტრანტი.
Print