პოლიტიკა
დაწუნებული პრორუსული პოლიტიკა
სერჟ სარგსიანის პრორუსული პოლიტიკა და ემიგრანტების საგანგაშოდ გაზრდილი რაოდენობა – ეს ის საკითხებია, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის სომხური მოსახლეობა ქვეყნის ყოფილ პრემიერ–მინისტრს უწუნებს. რატომ დაიწყო სომხეთში საპროტესტო გამოსვლები, რის გამო აკრიტიკებენ კიდევ სერჟ სარგსიანს სამცხე–ჯავახეთში და რას მოელიან ხავერდოვანი რევოლუციის შემოქმედისგან? 

ახალციხეში მცხოვრები არტურ დილბარიანი ერთერთია მათ შორის, ვინც ერევანში განვითარებულ მოვლენებს დადებითად აფასებს. ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს. რაც შეეხება სომხეთის განვითარებას, ფიქრობს რომ ახალმა ხელისუფლებამ პროსომხური კურსი უნდა აირჩიოს, თუ სურს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. 

,,ორი ჯანმრთელი ორგანიზამი უფრო კარგად იქნება ყველანაირად – ხალხის მხრიდან, მთავრობის თუ ევროკავშირის მხრიდან და ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის. ყველა დაიღალა, როგორც საქართველო შევარდნაძის დროს იყო ჩვენთვის, არანაირი წინსვლა, ყველაფერი დეგრადაცია ქვეყნის, ხალხის და ყველაფრის რა. პროსომხური უნდა იყოს, როგორც საქართველოში პროქართულია. ქვეყანამ არანაირი მხარე არ უნდა დაიკავოს – არც რუსეთის, არც ირანის და არც არავისი. ჩემი აზრით, პირველი რაც უნდა იყოს, ეს არის ძმური ურთიერთობის გაუმჯობესება ქართველ და სომეხ ხალხს შორის" – ამბობს არტურ დილბარიანი.

არტურ დილბარიანის მსგავსად სომხეთში განვითარებული მოვლენებით კმაყოფილნი არიან რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული სხვა რესპოდენტებიც. ადგილობრივები ძირითად აქცენტს დიქტატურის დამარცხებასა და ოფიციალური ერევნის პრორუსულ კურსზე აკეთებენ. სერჟ სარგსიანის მმართველობის დროს ქვეყანა კორუფციისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ბევრმა მოქალაქემ დატოვა –აცხადებენ ისინი და იმედოვნებენ, რომ სომეხი ხალხის ერთიანობისა და ახალგაზრდობის შემართების გამო მსოფლიო უკეთეს სომხეთს იხილავს.

,,სომხეთში, ჩვენ დავამარცხეთ სერჟ სარგსიანის დიქტატურა და ხვალიდან მსოფლიო სხვა სომხეთს ნახავს. ერთიანობისა და სომხეთის ახალგაზრდობის ერთად დგომის შედეგია, რაც მოხდა" – ამბობს რუბენ საგაბაბიანი.

,,სარგსიანმა 10 წლის მანძილზე სომხეთი დაჩაგრა. ქვეყანაში არ არის საშუალო მაცხოვრებელი – არიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. ამიტომ რაც მოხდა, ძალიან კარგია. ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს, არც საქართველოს აწყობს და არც სომხეთს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა. მტელი სომხეთი რუსეთში წავიდა, რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრება გაუსაძლისი იყო, თუ საქართველოსავით გახდება სომხეთი, უკეთესი იქნება ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენთვის საქართველოს მოქალაქე სომეხი ერისთვის" – განმარტავს ვლადიმერ გრიგორიანი.


შეცვლილი მმართველობის შედეგად ვითარება ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდება – მიაჩნია მედიაანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს ახალციხეში. ედუარდ აივაზიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცვლილებით სომხეთმა ევროპული გზა აირჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიის რეგიონის ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოევდება ერთმანეთს. ედუარდ აივაზიანი სერჟ სარგსიანის რუსულ პოლიტიკას იწუნებს და ყოფილ მმართველს ემიგრანტების გაზრდილი რაოდენობის გამო აკრიტიკებს.

,,ქვეყანა უნდა განვითარდეს, უფრო დემოკრატიული და ევროპული გახდეს, მთავარია, რომ რაც ხალხს უნდოდა, ისე მოხდა მშვიდობიანად რევოლუცია. საქართველო და სომხეთი უკვე იქნებიან სტრატეგიული პარტნიორები, რაც აქამდე მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო. სომხეთი ორიენტირებული იყო მხოლოდ რუსეთთან, ახლა უკვე დაბალანსებული იქნება, ევროპისკენ აიღებს კურსს და საქართველოსთვისაც კარგი მოკავშირე იქნება რეგიონში. სომხეთში 2 მლნ ნახევარი მაცხოვრებელიღა დარჩა, 700 ათასზე მეტი გავიდა საზღვარგარეთ. ხალხიც არ იყო იმდენი, რომ რამე გაეკეთებინა, მაგრამ იმ დონემდე მივიდა ყველაფერი, რომ ყველა ადამიანი გავიდა ქუჩაში" – განმარტავს ედუარდ აივაზიანი.

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის მსგავსად ახალციხე – ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატიც მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე დადებითად აისახება, რადგან ორ მოძმე სახელმწიფოს შორის მუდამ უნდა იყოს კარგი ურთიერთობა. გიორგი კოპაძე ფიქრობს, რომ მთავარი მაინც სომხეთში მშვიდობიანი პროცესებით განვითარებული მოვლენებია.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთში ყველაფერი მშვიდობიანი პროცესებით მიდის. ცვლილება ხდება ხელმძღვანელობაში, სომხეთი არის ჩვენი მოძმე ქვეყანა, ვინც იქნება მის სათავეში ჩვენ ყველასთან შევეცდებით, რომ გვქონდეს მეგობრული და კარგი დამოკიდებულება" – აცხადებს გიორგი კოპაძე.

სამცხე–ჯავახეთში ფიქრობენ, რომ სერჟ სარგსიანს ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნება უკვე პრემიერ–მინისტრის პოსტით უნდოდა, რაც არ გამოუვიდა. შვიდდღიანი პრემიერ–მინისტრობის შემდეგ სომეხმა ხალხმა მისი დამარცხება შეძლო.

Print