პოლიტიკა
ინსტიტუციური დიალოგი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის
ახალციხის ციხეზე, პირველად, სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგი იმართება.

ფორუმის შექმნის ინიციატორია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია. ფორუმზე მმართველობის დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლის საკითხებს განიხილავენ.

იდეის ავტორი ფიქრობს, რომ ფორუმი ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს და მასში მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღონ.

წლევანდელი ფორუმი ორდღიანია. დღევანდელ შეხვედრაზე ორ საკითხს განიხილავენ: „რეგიონული უთანაბრობა, როგორც გამოწვევა და დეცენტრალიზაციის რეფორმა“ და „ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირება და გაძლიერება“.

ფორუმზე მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თბილისის მერი კახა კალაძე, მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ხვალინდელ შეხვედრაზე მერების კონგრესი დაიწყება, სადაც ახალციხის, ზუგდიდის, გორის, ბათუმისა და მარნეულის მერები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დეცენტრალიზაციის რეფორმაზე იმსჯელებენ. განხილვის ძირითადი საკითხი იქნება „ადგილობრივი გამოწვევები და მიღწევები“.









Print