პოლიტიკა
პირველი ინსტიტუციური ფორუმი დასრულდა
ახალციხეში ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი დასრულდა.

ფორუმის მეორე დღე მერების გამოსვლებით გაგრძელდა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე.

მოხსენებებით წარსდგნენ ასევე ზუგდიდის, ბათუმის, გორისა და მარნეულის მერები. ფორუმის მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის რეფორმის, რეგიონული უთანაბრობისა და ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირების შესახებ იმსჯელეს, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და თვითმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. სამომავლო ფორუმის ერთ-ერთ თემად მოქალაქეთა ჩართულობა და მათ მიერ პრიორიტეტების დასახვა დასახელდა.



სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ორდღიანი ფორუმი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შეაჯამეს. მათ ინსტიტუციური დიალოგის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.



„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.



წყარო: სამცხე-ჯავახეთის მხარე
Print