პოლიტიკა
განმეორებით კენჭისყრა სომხეთში
სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილება 8 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე“, - ნათქვამია ბაბლოიანის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

სომხეთის პარლამენტმა წინა მცდელობის დროს ვერ აირჩია მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ასარჩევად კი 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თუ 8 მაისს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს კვლავ ვერ აირჩევს, კანონის მიხედვით პარლამენტი ავტომატურად დაითხოვება.

სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა ადამიანთა სია, ვინც აქტივისტებს ფინანსური დახმარება გაიწიეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

10-დან 23 აპრილამდე შემოწირულობების თანხამ დაახლოებით 16 000 დოლარი შეადგინა. სიაში არიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან. ზოგიერთები სრულად არიან წარმოდგენილი, ზოგმა კი ვინაობის ანონიმურობა შეინარჩუნა და მხოლოდ ერთი სახელი მიუთითა.

სიაში ფიგურირებს ცნობილი მოჭადრაკე, რუსი ოპოზიციონერი მოღვაწე ჰარი კასპაროვი, რომელმაც დაახლოებით 20 დოლარი გადარიცხა.

შემოწირულობის მინიმალური თანხა 1000 დრამია (2 დოლარზე მეტი). ასეთი თანხა გადარიცხა ლუსინემ შვედეთიდან. ხოლო ყველაზე ხელგაშლილი აღმოჩნდა ერევნის მკვიდრი, რომელმაც ორი მილიონი დრამი გადარიცხა (დაახლოებით 4,2 ათასი დოლარი).

სომხეთის ყოფილი პრემიერი სერჟ სარგსიანი მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ფონზე 23 აპრილს გადადგა. ოპოზიციამ პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წამოაყენა. სამშაბათს მმართველი რესპუბლიკური პარტიის ფრაქციამ უმრავლესობის უფლებით ისარგებლა და ფაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო.

საპასუხოდ ოპოზიციონერმა მოქალაქეებს 2 მაისს ტოტალური გაფიცვისკენ მოუწოდა. ერევანსა და მის ფარგლებს გარეთ ყველა სატრანსპორტო კვანძი და ინფრასტრუქტურა გადაიკეტა. საღამოს 2 მაისს რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან დაუჭირონ მხარი ოპოზიციონერ კანდიდატს განმეორებით კენჭისყრაზე, რომელიც 8 მაისს ჩატარდება.

Print