პოლიტიკა
"კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით" – გიორგი მარგველაშვილი
ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, - ეს განცხადებაბ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, 12-13 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა ჰქონდათ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.

საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, გუშინ აქცია დაიშალა.
Print