რელიგია
საპატრიარქო მარიხუანას წარმოების წინააღმდეგ გამოდის
ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ, ასე რომ ვთქვათ „ბარიგებად“, ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე,

- ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი მარიხუანას შესაძლო ექსპორტირებას საზღვრებს გარეთ. როგორც მეუფე ანტონმა კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" განაცხადა, საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება მსოფლიო საზოგადოებაში. მთავრობის ახალ ინიციატივას არ ეთანხმება  ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. 

„სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა ვხედავთ, იმ სამკუთხედს საერთოდ, სირიაში რა ხდება, კოლუმბიაში რა ხდება?! ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. გარეჯში ვიყავი, სანამ მონასტერში წავიდოდი, უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს? მოდით, შევხედოთ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე.

როდესაც შევალთ ნატო-ში და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, მერე შეიძლება რაღაცეებზე იფიქრო ადამიანმა. დღეს, როდესაც ასე გაჭირვებული ხარ და მარტო სიტყვას შეგვაშველებენ, არავინ იფიქროს, რომ ჩვენს გამო დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ. როგორღაც უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა ნარკოტიკებით. ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით, თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ",- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
| Print |