რელიგია
ქართული ეკლესიის პროტესტი ხელისუფლებას
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, 16 სექტემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგება ნარკომანიისა და მარიხუანის კულტივაციის თემას მიუძღვნა.

,,ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!"

ქადაგების დასრულების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან საკრებულოს მიმართულებით დაიწყო. სასულიერო პირების გაღიზიანება კანაფის კულტივაცია-რეალიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას მოჰყვა.



ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება არც მათ აზრს ითვალისწინებს და არც საზოგადოებას უსმენს და სახიფათო კანონის მიღებას მხოლოდ დიდი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე აპირებს.

კათოლიკოსმა ხელისუფლებას მოსთხოვა, კონკრეტულ შედეგებზე პასუხი აიღოს, მათ შორის მასზეც, თუ პროცესი კერძო ბიზნესის ხელში მოხვდება და სახელმწიფო მარიხუანას მიმოქცევის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებს. 

პარალელურად, დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი დროებით კანონპროექტის განხილვას შეაჩერებს, თუმცა ეს იმ დრომდე მოხდება, სანამ საჯარო განხილვები არ დასრულება.
| Print |