რელიგია
საქართველოს პატრიარქი: ,,ნარკომანია იკურნება"
ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკომანია იკურნება, იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ,

- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკეთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას მისი მიტროპოლიტობის პერიოდში აფხაზი ქირურგი ქალის გამოცდილება გაიხსენა, რომლის შვილიც ნარკომანიას ებრძოდა. პატრიარქის თქმით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „გვერდით ამოვუდგეთ და ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს სიყვარული ვაჩვენოთ“.

„მე როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა, ჩემს პატრიარქობამდე, იქ ბრძანდებოდა აფხაზი ქალბატონი, პირველი ქირურგი აფხაზი ქალი და ეს აფხაზი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი, მე სახელიც კი მახსოვს, ნური ერქვა, ნარკოტიკებით არის გატაცებულიო. როგორ იქნება მშობელი, როცა შვილს გააქვს ოჯახიდან ნივთები და ყიდის იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები. ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა მათ ნარკოტიკებს ან ფულს, რომ მიეცა თავისი შვილისთვის და მე მეუბნებოდა, რომ ჩემი უფროსი შვილი მიჯავრდება მე, რატომ აძლევ ნარკოტიკებს, მე ვიცი, რას ნიშნავს ნარკომანია, რომ არ მივცე ნარკოტიკი, შეიძლება, უბედურება ჩაიდინოსო. შემდეგ მოვიდა ჩემთან ეს ქალბატონი და მითხრა, რომ არსებობს ასეთი სამკურნალო ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანოო. საშინელი წამება იყო იქ, საწოლზე დაბმული იყო ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს. მე ეს მაგალითი მოვიტანე იმისათვის, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება, იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკურნება. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი“, - განაცხადა პატრიარქმა.
| Print |